ახალი ამბები

ყვარლის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს თანამშრომელი ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მაია სამიტაშვილს თანამშრომელი, მანანა ელოშვილი ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც მანანა ელოშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მაია სამიტაშვილი, დაახლოებით ერთი წელია, რაც აიძულებს სამსახურიდან წასვლას და არათანაბარ სამუშაო პირობებში ამყოფებს.
„2013 წლიდან ვმუშაობ ყვარლის ბაღების გაერთიანებაში სპეციალისტად. მაია სამიტაშვილი 2015 წელს დაინიშა ხელმძღვანელად და მოსვლის დღიდან დაიწყო ჩემი დევნა. გამაგდო იმ ოთახიდან, სადაც ამდენი წელი ვმუშაობდი. გადამიყვანა ისეთი ოთახში, სადაც სინესტეა და საშინელი პირობები. ყველა თანმშრომელი ერთადაა, მხოლოდ მე მიკეტავენ კარს. შიშში ვართ ყველა, იმათაც აშინებს და ჩემთან ურთიერთობას უკრძალავს. მუნიციპალიტეტის მერსაც მივმართე დახმარებისთვის, თუმცა მათგან რეაგირება არ არის. რამდენჯერმე პოლიციაც გამოვიძახე, მათაც იციან, რა პირობებში მიწევს მუშაობა“, – განაცხადა მანანა ელოშვილმა.
თანამშრომლის ბრალდებებს უარყოფს მაია სამიტაშვილი. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცრუ ბრალდებების გამო პროკურატურას მიმართავს.
„ეს არის სიცრუე. პირიქით ის ცდილობს ჩემზე ზეწოლას. მხოლოდ ის კი არა, მისი ქმარი მოკვლითაც კი მემუქრება. ის არის სხვა თანამშრომლების მსგავს პირობებში. საქმის კურსშია პოლიცია, მუნიციპალიტეტის მერია და ამ ტყუილ ბრალდებებზე ვაპირებ პროკურატურასაც მივმართო“, – აღნიშნა მაია სამიტაშვილმა.