ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში ნაქალაქარ „ტყეტბა-გულგულას“ მიაკვლიეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების სამხრეთით მიაკვლიეს ისტორიულ ცნობებში აღნიშნულ ნაქალაქარს „ტყეტბა-გულგულა“. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლენილია არაუგვანეს ადრე შუა საუკუნეებისა და განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული ნაგებობების ნაშთები და ქალაქისთვის სხვა დამახასიათებელი კომპონენტები – ეკლესიები, გალავნები და სხვა.

„გამოვლენილია კერამიკული მასალა გვიან ბრინჯაოს პერიოდიდან მოყოლებული განვითარებული შუასაუკუნეებით დასრულებული, რაც მოწმობს იმას, რომ აღნიშნული ტერიტორია ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული, XII-XIII საუკუნეებით დასრულებული, ინტენსიურად იყო დასახლებული. ტერიტორია დღემდე მრავალ უცნობ და მნიშვნელოვან მასალას ინახავს“, – აცხადებენ თელავის მერიაში.
დაზვერვით სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ბჭის კარის“ ხელმძღვანელი ნანა ინწკირველი. სამუშაოებს ხელმძღვანელობს არქეოლოგიის დოქტორი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტი გიორგი ლაღიაშვილი.

ნიკოლოზ ესიტაშვილი