ილიას ტბაზე ,,მუსიკალური კუნძული“ მომავალ ზაფხულს გაიხსნება
ილიას ტბაზე ,,მუსიკალური კუნძულის“ მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს კომპანია ,,ფერუს ჯორჯია“ ახორციელებს. “შატო მერესა“ და ,,როიალ ბატონის“ დამფუძნებლის, იდეის ავტორის, ბიზნესმენ გია პირადაშვილის თქმით, სამუშაოები მომავალ ზაფხულს დასრულდება და ,,მუსიკალური კუნძულზე“ აშენებული სახლების ღირებულება 150-200 ათასი ევრო იქნება.
„უკვე დასრულებულია ექვსი სახლის მშენებლობა და ზაფხულამდე კიდევ ექვსი დაემატება. ეს არის ეკო სახლები, რომლებიც პირდაპირ ტბაზე შენდება; უკვე აშენებულია საკონცერტო კუნძული, სადაც სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა. ჩემი ინფორმაციით, თითოეული სახლი 150-200 ათასი ევრო ეღირება. მათი ყიდვით ძირითადად უცხოელები ინტერესდებიან. ივნისი-ივლისის თვეებში, სავარაუდოდ, ეს ინფრასტრუქტურა სრულყოფილი იქნება და ექსპლუატაციაში შევა. ეს არის ნატურალური ხისგან დამზადებული კონსტრუქციები; თითოეული მათგანი 1,5 კილოვატ/საათ ელექტრო ენერგიას მოიხმარს; მინები და ფანჯრები ლონდონიდან ჩამოაქვთ, მისი ფანჯრები თბო მშთანთქმავია ანუ ეს არის ძალიან ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა სახლები, რომელსაც მხოლოდ ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთში შეხვდებით”, – განაცხადა გია პირადაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, “ფერუს ჯორჯია” ლატვიელების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელმაც წყალქვეშა მიწა აუქციონზე შეიძინა და დაიწყო მისი განვითარება. კომპანიამ პროექტის პირველ ეტაპზე 1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე განახორციელა.