გურჯაანის სასამართლომ ოპოზიციის აქტივისტზე თავდასხმისთვის ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტზე, შოთა დალაქიშვილზე თავდასხმისათვის ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეფარდების შესახებ.
სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა 19 დეკემბერს დაკავებული გოჩა მაისურაძე და მამუკა უსენიშვილი პატიმრობაში დატოვა.
გამოძიება მათ ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გოჩა მაისურაძე და მამუკა უსენიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში 19 დეკემბერს დააკავეს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი