შსს-მ კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ქალი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის დაპირისპირებაში მონაწილე ქალი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს, 1960 წელს დაბადებული ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.
ინციდენტში მონაწილე ქ.მ.-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა“, – აცხადებენ შსს-ში.
ნატალია ცისკარაშვილი