სოფელ კონდოლში ავტომანქანა დედას და მის ორ შვილს გზაზე გადასვლისას დაეჯახა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა დედასა და მის ორ შვილს, რომლებიც მძიმედ დაშავდნენ. ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი ორ მოზარდ შვილთან ერთად გზაზე გადადიოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმის ინფორმაციით, მოზარდებს მოტეხილობები აღენიშნებათ, ერთ-ერთი მათგანი კი მართვით სუნთქვაზეა. დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა და ისიც რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“ავარიის დროს შემოიყვანეს სამი პაციენტი, დედა და ორი შვილი. ქალბატონის და ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. მათ მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ”, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს” ექიმმა ნინო ჩიტაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.