თელავში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს. გამოძიება მას სამი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ა.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის შენობაში, „საიგას“ სისტემის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1993 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, 1998 წელს დაბადებულ გ. გ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ლ. ბ.-ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობით, დაპირისპირება უკავშირდება წარსულში არსებულ კონფლიქტს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.