გიორგი ვაშაძე- მუხლი, რომელითაც გამოძიება კირკიტაძეს ედავება, არაადეკვატურია
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 353- პრიმა მუხლი, რომლითაც გამოძიება დავით კირკიტაძეს ედავება, არაადეკვატურია.
ვაშაძის შეფასებით, წარდგენილი ბრალდება არ შეესაბამება იმ ქმედებას, რაც ველისციხეში, 16 დეკემბერს დაპირისპირების დროს იყო.
,,ჩვენ ვითხოვთ დავით კირკიტაძის პააუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რადგან მის ქმედებაში არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული. „ქართული ოცნება” უკანონობაზე უკანონობას ამატებს. ჩვენს მხარდამჭერებზე თავდამსხმელებიც დააკავეს თურმე და რომელი მუხლით? ცემის მუხლით. მწვანე ავტობუსზე შეხტომა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ადამიანის ყბების დალეწვა? ეს არის ზუსტად ის შერჩევითობა და უკანონობა, რაც დღეს ქვეყანაში არის. ნაცვლად იმისა, რომ 6 ადამიანი დაეკავებინათ, 3 დააკავეს. ჩვენ ყველა გვყავს იდენტიფიცირებული”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე.
მისივე განმარტებით, ისინი უკან დახევას არ აპირებენ და სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებენ.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და დავით კირკიტაძის მეგობრები არიან შეკრებილები.
დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. კირკიტაძეს გამოძიება ედავება პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.