შსს ველისციხეში დაპირისპირების საქმეზე დაკავებულთა წრის გაფართოვებას აანონსებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ველისციხეში დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და დაისჯება ყველა პირი, რომლის დანაშაულიც გამოიკვეთება.
„დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს. იქ ბევრი ინციდენტი მოხდა, ზოგი იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ზოგი ადმინისტრაციული დარღვევა. სისხლის სამართლის წესით არის დავით კირკიტაძე დაკავებული. მასთან ერთად მყოფი პირიც დაკავებულია, რომელიც თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას. ასევე დაკავებულია ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმისთვის პირი. ვერ გეტყვით, ვინ შეიძლება იყოს მომავალში დაკავებული. ჩვენ ვათვალიერებთ ვიდეოებს და ვკითხავთ მოწმეებს. სამწუხაროა, რომ შეფასდა, როგორც პოლიტიკური დევნა. სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რომელსაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-ს ინფორმაციით, დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
ნატალია ცისკარაშვილი