პოლიციამ კახეთში ოპოზიციის აქტივისტზე ძალადობისთვის 2 პირი დააკავა
სამართალდამცავებმა 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტზე ძალადობისთვის 2 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-მ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი, 1988 წელს დაბადებული შ.დ.-ს. უწყების ცნობით, აქტივისტს 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიაყენეს.
„პოლიციის მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ქალაქ გურჯაანში დააკავეს შ.დ.-ზე ძალადობაში მონაწილე პირები: 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ., რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ძალადობას, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან ექვსი თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობით ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ნიკოლოზ ესიტაშვილი