გაერთიანებული ოპოზიცია გურჯაანის სასამართლოსთან აქციას გამართავს
ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქციას გამართავს. მანიფესტაცია 12 საათზე დაიწყება. არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია სასამართლოსთან კარვების გაშლას გეგმავს. ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მოთხოვნა 16 დეკემბერს დაკავებული დავით კირკიტაძის გათავისუფლება იქნება.
“ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც გაიმართება დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი. ყველანი ვიქნებით იქ. ჩვენს ყველა მხარდამჭერს შეუძლია შემოგვიერთდეს გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ. იმის გამო, რომ არ ვიცით კონკრეტულად როდის იქნება პროცესი, ხვალ დილიდან შევიკრიბებით გურჯაანის სასამართლოსთან და ვიქნებით მანამ, სანამ პროცესი არ ჩატარდება. ვითხოვთ მარტივ რამეს – დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს, რადგან ისაა აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე 16 დეკემბერს, გურჯანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პოლიციელზე ძალადობასა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად, თუმცა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თავს დამნაშავედ არ ცნობს და შიმშილობს. კირკიტაძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი