კახეთში გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე კახეთში დააკავეს. ის გურჯაანში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დაშავებული აქტივისტის სანახავად ჩავიდა, რომელსაც გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდებოდა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, დავით კირკიტაძე საავადმყოფოდან გამოსვლისას დააკავეს.
,,გურჯაანის საავადმყოფოში ვიყავით, სადაც გუშინ აქციაზე ნაცემ ჩვენს აქტივისტს ოპერაცია უტარდებოდა. გარდა ამისა, სხვა ადგილებზეც მოგვიხდა წასვლა და შევამჩნიეთ, რომ მანქანა მოგვდევდა. ჩვენზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა, შემდეგ კი როცა გზაზე ჩიხში მოექცნენ, მივედით და ვკითხეთ ვინ იყვნენ და რატომ გვითვალთვალებდნენ. მათ განაცხადეს, რომ ერთ-ერთ ოჯახში ავტონაწილების შესაძენად მოვიდნენ. შემდეგ კი დავით კირკიტაძე დააკავეს. ამ ყველაფერს გარდა ჟურნალისტებისა, შსს-ს წარმომადგენლებიც იღებდნენ კამერით. გვითხრეს რომ ის გადაიყვანეს თელავის პოლიციის სამმართველოში”,- განაცხადა ნიკა მელიამ.
დავით კირკიტაძემ დაკავებისას ,,რუსთავი 2″ განუცხადა, რომ მისი დაკავება აჩვენებს იმას, რომ პოლიციას სახე აქვს დაკარგული.
„საქართველოში მყარდება რუსული დიქტატურა. იბრძოლეთ ბოლომდე. ეს არის სახედაკარგული პოლიცია, შეშინებული,“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძის სახლთან პოლიცია დილით მივიდა. ისინი რამდენიმე წუთის მანძილზე პოლიტიკოსის სახლთან იდგნენ, თუმცა შემდეგ სამართალდამცველები ახსნა – განმარტების გარეშე წავიდნენ.
მოგვიანებით შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების გამო დაწყებულია გამოძიება და კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები სწორედ ამიტომ მივიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.