ფრანგული გამოცემა-საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზის მნიშვნელოვანი მისია დააკისრა
ფრანგული გამოცემა “Le Parisien” საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დასწრებასთან დაკავშირებით წერს.
გამოცემის ცნობით, 7 დეკემბერს ემანუელ მაკრონსა და ნიკოლა სარკოზის შორის შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც ემანუელ მაკრონმა ყოფილ პრეზიდენტს რჩევები სთხოვა “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციებით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით.
“საფრანგეთის პრეზიდენტმა მის წინამორბედს მნიშვნელოვანი მისია დააკისრა: წარმოედგინა ემანუელ მაკრონი ყოფილი ფრანგი დიპლომატის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე”, – წერს გამოცემა Le Parisien.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მათ ეს ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ნიკოლა სარკოზის მჭიდრო კავშირები აქვს საქართველოსთან მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დროს შუამავლის როლს ასრულებდა.