ახალი ამბები

სომხეთის პრეზიდენტი – მოუთმენლად ველი თანმშრომლობას საქართველოს ახალ პრეზიდენტთან

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ახალ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამის შესახებ არმენ სარქისიანმა საქართველოში სტუმრად ყოფნისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სარქისიანმა საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობებსა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე.
“საქართველოსა და სომხეთს, ქართველ და სომეხ ხალხს ათასწლეულებია მეგობრული და ძმური ურთიერთობები აკავშირებს. ათასწლეულებია ეს არის სამაგალითო ურთიერთობა ორ მეზობელ ერს შორის, რომელსაც არასოდეს ჰქონია სერიოზული პრობლემა ერთმანეთთან. ჩვენ ნამდვილად დაძმობილებული ერები ვართ და ამიტომაც ბუნებრივია, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი დღეს აქ იმყოფება. მოუთმენლად ველი თანმშრომლობას საქართველოს ახალ პრეზიდენტთან, მთავრობასთან და პარლამენტთან და რაც მთავარია ქართველ ხალხთან ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტიკცების მიზნით“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა.
გუშინ თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ფიცი ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადო. პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ნატალია ცისკარაშვილი