ოპოზიციური პარტიები – უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი
ოპოზიციური პარტიები დღეს გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, რომ შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და საარჩევნო სისტემა და შემდეგ გაიმართოს რიგგარშე საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა საარჩევნო კოდექსის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მასობრივი და უხეში დარღვევის პირობებში, რომელმაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.
„დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელეს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. პარტიების შეფასებით, არჩევნები გაიმართა საარჩევნო კოდექსის სხვა კანონებისა და ნორმების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მასობრივი და უხეში დარღვევის პირობებში. სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენება, ამომჩრევლის მასობრივი მოსყიდვა, მასზე შანტაჟი და უხეში ზეწოლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და გაყალბება. ზემოაღნიშნული მასობრივი დარღვევები, ჩვენი შეფასებით, იძლევა საფუძველს განვაცხადოთ, რომ ამ დარღვევებმა პირდაპირი და თვისობრივი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საჭიროა: პირველი – საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება, მეორე – საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა, ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას”, ასევე “ახალი მემარჯვენეების”, “დემოკრატიული მოძრაობის”, „ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არ ყოფილან „თავისუფალი დემოკრატები” და „შენების მოძრაობის” წარმომადგენლები.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი