გრიგოლ ვაშაძე – ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს
ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს სამ მოთხოვნას – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ძირეულ ცვლილებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, – განაცხადა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ემზადება, რათა ხელისუფლება მუდმივ ზეწოლაში ამყოფოს მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
„ეს მხოლოდ ოპოზიციის ანუ პოლიტიკური ორგანიზაციების მოთხოვნა კი არ არის, ეს არის მოქალაქეების მოთხოვნა. მოქალაქეებს ყელში ამოუვიდათ სიღარიბეში ცხოვრება, აღარ უნდათ ამ ადამიანებს ასე ცხოვრება. ყველა მომდევნო არჩევნები დღევანდელი ე.წ. ხელისუფლების პირობებში დაემსგავსება იმ უმსგავსობას, რაც მოხდა მეორე ტურში”,- აღნიშნა ვაშაძემ.
დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”, “ახალი მემარჯვენეების”, “დემოკრატიული მოძრაობის”, „ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არ ყოფილან „თავისუფალი დემოკრატები”, “შენების მოძრაობა” და სხვა ოპოზიციური პარტიები.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი