მაღალმთიან რეგიონებში სოციალური შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება
მაღალმთიან რეგიონებში სოციალური შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.
შესაბამის ცვლილებას „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელსაც დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.
განმარტებითი ბარათის თანახმად, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები არ მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს და შემოიფარგლება მხოლოდ ამავე დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლებით, რომელიც არასაკმარისია.
„დღევანდელი რედაქციით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის (სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი ითვალისწინებს დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის მიცემას პირთა შეზღუდული წრისთვის, რაც სრულად ვერ უზრუნველყოფს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევას,“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
დაგეგმილი ცვლილებებით, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს დაემატება მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებში არსებობს კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების სერიოზული პრობლემა და სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირების გაზრდა პირდაპირ შეუწყობს ხელს მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პრობლემის გადაჭრას.
ცვლილებების შედეგად საჭირო გახდება წელიწადში დაახლოებით 5.000.000 ლარის გამოყოფა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, მირიან წიკლაური, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე და ზაზა პაპუაშვილი.
ნიკოლოზ ესიტაშვილი