სიღნაღის საოლქო კომისიამ საჩივრები განუხილველი დატოვა
სიღნაღის მე-13 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი 6 საჩივარი განუხილველი დატოვა.
საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საჩივრების შედგენისა და საოლქო კომისიაში შეტანის წესები დარღვეული იყო. მანანა მჭედლიშვილის თქმით, ამ ფაქტორის კომისიამ საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-10 პრიმა მუხლის მიხედვით, ყველა საჩივარი განუხილველი დატოვა.
მისივე ინფორმაციით, სიღნაღის 28-ე უბანზე დაწერილი 5 საჩივარი პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, ხოლო 1 საჩივარი ხირსის მე-19 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ეხებოდა.
,,კენჭისყრის დღეს ოლქში და უბნებზე დაიწერა 6 საჩივარი, აქედან 5 ეხებოდა პროცედურულ დარვევებს და 1 საჩივარში ხირსის მე-19 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას. როცა აღნიშნულ უბანზე ხმის დათვლის პროცესი დაიწყო, რომელსაც ყველა ესწრებოდა და გახსნეს საარჩევნო ყუთი, ის დაიშალა, კონვერტები კი დაბლა ჩამოიყარა. მოაგროვეს ბიულეტენები და მაგიდაზე დააწყეს. ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ გაურკვეველი წარმომავლობის კონვერტები დაყარეს მაგიდაზე. ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ეხებოდა გაერთიანებული ოპოზიციის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლის მიერ დაწერილი საჩივარი. ჩვენ განვიხილეთ და დავადგინეთ, რომ საჩივრების დაწერისას არ იყო დაცული მისი შედგენის წესი და პირობები. მაგალითად: 28-ე საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერა გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენელმა, საოლქოში კი საჩივარი შემოიტანა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. კანონით კი საჩივარი ერთი და იმავე სუბიექტის წარმომადგებლებს უნდა შემოეტანათ. საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-10 პრიმა მუხლით, როცა დარღვეულია საჩივრის შემოტანის, შედგენის წესი და პირობები, ამ შემთხვევაში საჩივრები რჩება განუხილველი. შესაბამისად არც ერთი საჩივარი არ განვიხილეთ და პასუხები ეცნობა მომჩივან სუბიექტს’’, – განუცხადა Knews.ge-ს მანანა მჭედლიშვილმა.