არჩევნების მეორე ტურში 47 595 ბიულეტენი ბათილად ჩაითვალა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 47 595 ბიულეტენი გაბათილდა. კანონმდებლობის თანახმად, ბიულეტენი ბათილად რამდენიმე შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, მათ შორის მაშინ, თუ ამომრჩეველი ხმას არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ აძლევს და ყველა მათგანს ხაზავს.
უცნობია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რამდენმა ამომრჩეველმა გადახაზა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე.
28 ნოემბერს გამართულ არჩევნების მეორე ტურში სულ 1 975 845-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. 780 635-მა მოქალაქემ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, 1 147 625-მა ამომრჩეველმა კი სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი