საია გურჯაანის ორი უბნიდან დამკვირვებლის გამოძევების ფაქტს გაასაჩივრებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გურჯაანის 1-ლ და მე-15 საარჩევნო უბნებზე ორგანიზაციის დამკვირვებლის გამოძევების ფაქტს გაასაჩივრებს.
საიას კახეთის რეგიონული კოორდინატორის, მარეხ მგალობლიშვილის თქმით, ისინი საუბნო კომისიების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
მარეხ მგალობლიშვილის ინფორმაციით, საუბნო კომისიის წევრების გაღიზიანება დამკვირვებლების აქტიურობამ გამოიწვია, რომლებიც უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის თავმჯდომარეს უბანზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრისკენ მოუწოდებდნენ.
,,დღეს საარჩევნო პროცედურების დაწყების შემდგომ რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რომ ამომრჩევლებს მიერ შემოხაზული ბიულეტენები გამოჰქონდათ და გარკვეულ პირებს აჩვენებდნენ. ამის გამო ჩვენმა დამკვირვებლებმა შენიშვნა მისცეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ უზრუნველყო წესრიგის დაცვა და ხმის ფარულობა დაცულიყო. ამ ფაქტებზე ჩანაწერთა წიგნში ჩაიწერა შენიშვნა და მას დაემატა ისიც, რომ თავმჯდომარეებმა შენიშვნაზე რეაგირება არ მოახდინეს. გურჯაანში #1 და #15 საარჩევნო უბნებზე აღნიშნულმა მითითებამ და ჩანაწერთა წიგნში შენიშვნების ჩაწერამ გამოიწვია კომისიის თითქმის ყველა წევრის აგრესიული დამოკიდებულება დამკვირვებლის მიმართ. ეს საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ 2 დამკვირვებელი გამოაძევეს უბნიდან. აქტში არის მითითებული, რომ დამკვირვებლები ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში, 1-ელ საარჩევნო უბნის აქტში კი მითითებულია, რომ დამკვირვებელმა ცილი დასწამა თავმჯდომარეს, მაგრამ არ არის მითითებული, ეს რაში გამოიხატა. კომისიის საქმიანობაში ჩარევად შეაფასეს ის, რომ დამკვირვებელი იყო აქტიური, აკვირებოდა საარჩევნო პროცედურებს და იძლეოდა გარკვეულ მითითებას კომპეტენიის ფარგლებში. გარდა ამისა, 1-ელ უბანზე კომისიის წევრებმა ჩვენს დამკვირვებელს უარი განუცხადეს ჩანაწერთა წიგნს მიცემაზე და განმარტეს, რომ მას ამისი უფლება არ ჰქონდა. მეც ვიმყოფებოდი აღნიშნულ უბანზე და იგივე პრობლემა შემექმნა. არ მაძლევდნენ ჩანაწერთა წიგნის ნახვის საშუალებას. ადგილზე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოსვლის შემდეგ მომეცა საშუალება მენახა ჩანაწერთა წიგნი საკითხის განხილვა და ეს დამთავრდა ჩვენი დამკვირვებლის გამოძევებით. აქტს კი კომისიის 10 წევრი აწერს ხელს. ისინი ჩემ მიმართაც იყვნენ აგრესიულები და ამბობდნენ, რომ მე უბანზე ვიყავი იმ მიზნით შესული, რომ ხელი შემეშალა კომისიის საქმიანობისთვის. ჩვენ სხვა უბნებზეც გვქონდა აგრესიული დამოიდებულება ჩვენი დამკვირვებლის მიმართ, რაც მათმა აქტიურობამ გამოიწვია. ჩვენ ვაპირებთ, რომ ორივე შემთხვევა გავასაჩივროთ და კომისიის წევრების მიმართ მოვითხოვთ სამართალდარღვევის ოქმის შედგენას შესაბამისი სანქციის დაკისრებით’’,- განუცხადა Knews.ge-ს მარეხ მგალობლიშვილმა.