თელავში 54 საარჩევნო უბანი გაიხსნება
თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში 54 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძეს ინფორმაციით, შშმ პირებისთვის ადაპტირებული მხოლოდ 17 უბანი იქნება.
„არჩევნების დღეს თელავის საარჩევნო ოლქში სულ 54 საარჩევნო უბანი იმუშავებს, აქედან 17 უბანი იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ზოგ უბანს აქვს პანდუსი, ზოგის კი ადაპტირებულია საპანდუსე ნაგებობით. საარჩევნო უბნებზე გვაქვს გამადიდებელი სპეციალური ლინზები ჩარჩო ფორმის, ასევე სმენადაქვეითებულებისთვის სპეციალური საინფორმაციო პლაკატები და პოსტერები, რათა მათ იცოდნენ უბანზე მისვლისას, რა გააკეთონ. საჭიროების შემთხვევაში მათთან კომუნიკაცია მყარდება ასევე წერილობითი ფორმით. ამ დროისთვის საუბნო კომისიის გამართული მუშაობისთვის ყველა ინვენტარი გაცემული გვაქვს, რაც საჭიროა. გარდა ამისა, ყველა საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად და რაიმე სახის გართულებებს არ ველოდებით’’,– განუცხადა knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.