არჩევნების დღეს თელავსა და საგარეჯოში საარჩევნო მედია ცენტრები იმუშავებს
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო მედია ცენტრები იმუშავებს.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გახსნილი მედია ცენტრები 28 ნოემბერს პოლიტიკურ სუბიექტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, სადამკვირვებლო მისიებს და სხვა სამოქალაქო ჯგუფებს სთავაზობს სივრცეს ბრიფინგებისა და პრესკონფერენციებისთვის.
თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი, ლიკა იმერლიშვილი აცხადებს, რომ მთელი დღის განმავლობაში მედია ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს და პოლიტიკურ სუბიექტებს ცენტრების გამოყენება შეეძლებათ, როგორც დროებით სამუშაო სივრცედ, ისე პირდაპირი ჩართვებისა და ბრიფინგებისთვის. ამ მიზნით, მედიაცენტრში ხელმისაწვდომი იქნება დიდი და მცირე ზომის საკონფერენციო ოთახები, საოფისე ტექნიკა და ინტერნეტი.
,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (NCCE) საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ სუბიექტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, სადამკვირვებლო მისიებსა და სხვა სამოქალაქო ჯგუფებს სთავაზობს ნეიტრალურ სივრცეებს საქართველოს ათ დიდ ქალაქში ბრიფინგების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, საარჩევნო დებატების, მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის. არჩევნების დღეს განსაკუთრებულ რეჟიმში ვიმუშავებთ. ცენტრები გაიხსნება დილის 7 საათიდან და დაიხურება შესაბამის ოლქებში არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ”, – განუცხადა Knews.ge-ს ლიკა იმერლიშვილმა.