სოფელ ვეჯინში, “ენმ-ს” კოორდინატორის სახლში, სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს
ჩემს საცხოვრებელ სახლში სამი ბოთლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორმა.
შემთხვევა, რომლის შედეგად არავინ დაშავებულა, გუშინ გვიან ღამით მოხდა. ელმირა ბეციაშვილის ინფორმაციით, აალება მისმა მეუღლემ შემთხვევით შენიშნა. ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორის მტკიცებით, ამ საქმის უკან მმართველი გუნდი დგას.
„სახლში ვიყავით და სტუმრები გვყავდა. შემთხვევით ჩემმა მეუღლემ ეზოში ჩვენს მანქანასთან დაინახა, რომ რაღაც ანათებდა. იქვე იდგა სტუმრის მანქანაც. გამოიხედა და ნახა, რომ სტუმრის მანქანას ეკიდა ცეცხლი. გადმოგდეს სამი მინის ბოთლი, სადაც შავი ფერის სითხე ესხა. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. მე ვარ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი და წევრი. მმართველი პარტია ცდილობს, რომ დამაშინოს და გააჩეროს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური სოფელ ვეჯინში დიდი უპირატესობით მოიგო გრიგოლ ვაშაძემ. “ქართულ ოცნებას” სურს, რომ პოლიტიკური აქტივობა შევწყვიტო, რათა მეორე ტური ამ სოფელში მოიგონ. მოვუწოდებ პროკურატურას, რომ ეს საქმე სწრაფად გამოიძიონ“ – განუცხადა knews.ge-ს ელმირა ბეციაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, მან იცის დანაშაულში მონაწილე სავარაუდო პირების ვინაობა, თუმცა ამ ინფორმაციას პროკურატურაში დაკითხვის დროს გაანღერებს. ელმირა ბეციაშვილის სახლთან მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი