„შავ სიაში მყოფების დავალიანების განულება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს”
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელის, ლევან ნატროშვილის შეფასებით, „შავ სიაში“ მყოფი პირების დავალიანების განულებაზე მთავრობის ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და ამ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ნატროშვილის განმარტებით, ეს ცალსახად, წინასაარჩევნო ინიციატივაა, ვინაიდან ეს მოქალაქეების ვალების განულება არც ბიუჯეტში ყოფილა ჩადებული, რომელიც პარლამენტს ოქტომბერში წარედგინა და არც აქამდე ყოფილა საუბარი კონკრეტულ რიცხვებზე. “საუბარია ბევრ ადამიანზე, 600 000-ზე მეტ პირზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საარჩევნო მოტივებს. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ დაიფარება ეს დავალიანება. ის, რომ ამისთვის ბიუჯეტის თანხა გამოიყენონ, ამის ალბათობა არსებობს. სოლიდურ თანხებზეა საუბარი და ეს ფული საიდან უნდა მოიტანონ, უბრალოდ გაუგებარია. აქედან გამომდინარე, თუ ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება, სხვა წყაროებიდან უნდა დაფინანსდეს, ან გამოდის, რომ ბანკებს უნდა წაართვან ეს ფული. თუ სხვა წყაროებიდან დაფინანსდება, საუბარი იყო „ბანკ ქართუზე“ და ა.შ. ეს უკვე ამომრჩევლის მოსყიდვის აშკარა ნიშნებს შეიცავს.
ამომრჩევლის მოსყიდვის რეგულირება რაც გვაქვს, იქ გარკვეული გამონაკლისია დაშვებული ბიუჯეტიდან გასანაწილებელ თანხებზე, მაგრამ, როდესაც კერძო პირი საკუთარი თანხებით ამხელა თანხებს ხარჯავს 600 000 ადამიანის გულის მოსაგებად, აშკარად ამ ადამიანს საარჩევნო მოტივაცია გაჩნია, თან არის პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი – მიზანი არის ნათელი, რომ ამ შემთხვევაში, არჩევნების მოგებისთვისაა ეს მიმართული. რადგანაც ძალიან სერიოზულ თანხაზეა საუბარი, პროკურატურის გამოძიების საგანი აუცილებლად უნდა გახდეს ეს ინიციატივა“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.
ნიკოლოზ ესიტაშვილი