„ევროპული საქართველოს“ გურჯაანის ორგანიზაცია 10-მდე წევრმა დატოვა
დღეს პარტია „ევროპული საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია 10-მდე წევრმა დატოვა.
არჩევნების პერიოდში მათი მოვალეობა იყო პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძისთვის აგიტაცია გაეწიათ და ზოგიერთი მათგანი კოორდინატორადაც მუშაობდა.ყოფილი აქტივისტების განმარტებით, პარტიის დატოვების მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველოს” ლიდერების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერა გახდა. ისინი ამბობენ, რომ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა მათთვის მიუღებელია, რადგან ის აპირებს მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებას. პარტიის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ და სხვებსაც მოუწოდებენ, ხმა მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს მისცენ.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი