ზურაბიშვილი – საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს
საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს და ამ საკითხში თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები, – განაცხადა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში მდებარე მეღვინეობა “მოსმიერში”მევენახეებთან შეხვედრის დროს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რეგიონების განვითარების გარეშე თავისუფალი საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდება.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა მევენახეობის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის ეს დარგი ქვეყნის ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირშია. ზურაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, რადგან მას სწორედ ძლიერ ადამიანებზე დაფუძნებული ეკონომიკა სჭირდება.
“აქამდე მოხვედით და ეს არის ამ ქვეყნისთვის დიდი საქმე და წარმატება. თავის ქვეყნის კულტურის გატანა ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა პატრიოტიზმის. ის, რაც იყო ადრე მხოლოდ მევენახეობა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ და სად ჩაგებარებინათ ყურძენი, დღეს უკვე ნამდვილი მეღვინეობაა. ეს არის ძირითადად კერძო საქმე, სახელმწიფო სწორ როლს თამაშობს დაეხმაროს ამ დარგს ნაკლები სუბსიდირებით. ჩვენ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ამ საქმეში სახელმწიფოს აქვს დიდი როლი. მთავარი წამყვანი როლი კერძო სექტორია. ამ სახელმწიფოს სჭირდება ეკონომიკა ძლიერ ადამიანებზე დაფუძნებული და თქვენ ხართ ძლიერი ჯარი. თითქმის ყველგან დაწყებულია კერძო მეღვინეობის წამოწყება. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს და ამ საკითხში თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები. რეგიონი თუ არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი