ახალი ამბები

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა თელავში მუშაობის ანგარიში წარადგინა

თელავში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (East-West Management Institute) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ (ACCESS) ფარგლებში გაწეული საქმიანობების ანგარიში წარადგინა.
პროგრამის წარმომადგენელი თამარ გურჩიანი აცხადებს, რომ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ACCESS-ის საგრანტო კონკურსზე, რომელიც რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მისივე თქმით, ორგანიზაცია აღნიშნულ პროექტს 2014 წლის ნოემბრიდან ახორციელებს, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება.
,,ყოველწლიურად ვატარებთ მსგავს შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, თუ რაში იხარჯება ის ბიუჯეტი, რაც ჩვენს პროგრამას აქვს, რა სფეროში გავცემთ გრანტს, რა აქტივობებს ვუჭერთ მხარს და სხვა. შეხვედრებზე ასევე იმ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, რასაც ვაძლევთ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს‘’,- განუცხადა Knews.ge-ს თამარ გურჩიანმა.
პროექტის ბიუჯეტია 6 897 000 დოლარი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გასცემს.