პროკურატურა ვეჯინში მომხდარ ოჯახურ დაპირისპირებაზე განმარტებას აკეთებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში პოლიტიკურ ნიადაგზე მომხდარ ოჯახურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონულ სამმართველოში საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გულნაზ ცანკაშვილის შეტყობინება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახის წევრებმა. კერძოდ, მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოკითხვისას ცანკაშვილმა განაცხადა, რომ რძლის მითითებით, შვილმა თავში სამჯერ დაარტყა ხელი.
„გულნაზ ცანკაშვილის განმარტებით, კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ის და მისი ოჯახის წევრები სხვადასხვა კანდიდატს უჭერენ მხარს. 2018 წლის 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე, მას მისმა რძალმა, ნათია ყარაულაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძისათვის ხმის მიცემის სანაცვლოდ შესთავაზა 50 ლარი, რომელიც, მისივე განმარტებით, 2018 წლის 12 ნოემბერს გადასცა პოლიტიკური პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ელმირა ბეციაშვილმა. გულნაზი ცანკაშვილის ჩვენების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმიდან გამოიყო საქმე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე იკითხებიან მოწმეები, მათ შორის არის მოწმე ელმირა ბეციაშვილი, რომელზეც გულნაზი ცანკაშვილი მიუთითებს, რომ მის რძალს გადასცა გარკვეული თანხა გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის მიზნით. საქმეს იძიებს კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი ინციდენტის გამო “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი თელავის რაიონულ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
ელმირა ბეციაშვილმა მოქალაქის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე პროკურატურის შეკითხვებს უპასუხა.
სოფელ ვეჯინში მცხოვრები გულნაზ ცანკაშვილი აცხადებს, რომ რძალმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო უკბინა და სცემა. ცანკაშვილის მტკიცებით, მას ფიზიკურად შვილიც გაუსწორდა.
ცანკაშვილის რძალი ნათია ყარაულაშვილი დედამთილზე ძალადობას უარყოფს. „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი კი გამორიცხავს ყარაულაშვილის მოსყიდვის ფაქტს. ელმირა ბეციაშვილი მომხდარს ხელისუფლების მიერ ნოწყობილ პროვოკაციად აფასებს, რადგან მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი სოფელ ვეჯინში არჩევნებში დამარცხდა. მუსხელიშვილი, თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნულ ფაქტთან რაიმე კავშირს არ ადასტურებს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი