ახალი ამბები

კახეთში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს.
უწყების ინფორმაციით, კახეთში თავშესაფრის მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერს წლის ბოლომდე გამოაცხადებს. 2019 წელს კი ცხოველთა თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას კახეთში, სადაც დიდია დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები.
,,თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წელს ძაღლებმა 321 ადამიანი დაკბინეს და აქედან 224 ბავშვია. კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდება და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლირებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 715 ათასი ლარია. საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, თავშესაფარში აუცილებელია ხუთი ძირითადი თავისუფლების პრინციპის დაცვა, ესაა: წყურვილისა და შიმშილისგან თავისუფლება, დისკომფორტისგან თავისუფლება, ტკივილის, ჭრილობის და ავადმყოფობისგან თავისუფლება, თავისი სახეობისთვის დამახასიათებელი ნორმალური ქცევის განხორციელების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, შიშისგან და სტრესისგან თავისუფლება. თავშესაფარი ვალდებულია, ცხოველები აღრიცხოს და უზრუნველყოს თავშესაფარში მათი ბრუნვის ამსახველი სტატისტიკა, ყველა ცხოველის სტერილიზაცია და ვაქცინაცია.
კომპანიონ ცხოველთა კახეთის რეგიონალურ თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც სპეციალისტს გამოძახებენ ცხოველის თავშესაფარში გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება”,-აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.