თელავის სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.
მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 20 მაისს, ქალაქ თელავში, ერთ-ერთი სასაფლაოს ტერიტორიაზე გ.ა-ს შელაპარაკება ჰქონდა გ.ბ.-სთან, რომლის დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით თავის, წელისა და გულ-მკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის სამი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გ.ბ-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა.
,,სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 20 მაისს ქ.თელავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 108-ე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- აცხადებენ პროკურატურაში.
ნატალია ცისკარაშვილი