ინფრასტრუქტურის მინისტრმა კახეთში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარადგინა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თელავში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა.
მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივებს რეგიონში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ – სამი მუნიციპალიტეტის თელავის, გურჯაანის, ახმეტის მცხოვრებლები, უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მეწარმეები, არასამთავრობო სექტორის, გუბერნიის, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მაჟორიტარები. ცქიტიშვილმა რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
,,ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, აზიის განვითარების ბანკთან ერთად ორ რეგიონში-კახეთსა და სამეგრელოში განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც ემსახურება როგორც ინფრასტრუქტურის, ისე რეგიონულ განვითარებას. ეს პროექტები საჯაროდ განვიხილეთ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან. ასეთი საჯარო განხილვები არის ჩვენთვის შესაძლებლობა, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, გავიგოთ, რა პრიორიტეტები აქვს მოსახლეობას და გავითვალისწინოთ ჩვენს პროექტებში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობისა და წყალმომარაგების სისტემების გამართვის მნიშვნელობაზე.
მაია ცქიტიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის, მათ შორის, ალაზნის ნაპირის გამაგრებისა და ჯებირების მოწყობის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების, ამბულატორიების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის, კულტურულ, სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ტურიზმის განვითარების მნიშვნელობის საკითხებზეც.