საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.
28 ნოემბერი საქართველოში უქმედ გამოცხადდება. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ღამის 12 საათზე დაიხურება, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი.
“არჩევნების დღე საქართველოში არის უქმე დღე. რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, რადგან უცხო ქვეყნებში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დღე ბუნებრივია არ იქნება უქმე, ამიტომ ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთის ოლქებში საარჩევნო უბნები იმუშავებს ღამის 12 საათამდე, რათა ემიგრანტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
არჩევნების მეორე ტური “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.
არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს ჩატარების წინააღმდეგნი იყვნენ ოპოზიცია და მესამე სექტორი.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ’’, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ’’ და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ’’ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით მიმართეს.
ისინი მიუთითებდნენ, რომ საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მესამე სექტორის განმარტებით, სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმედ გამოცხადება საკმარისი არ არის.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი