„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან პანკისელები აქციას მართავენ
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან პანკისის ხეობის მაცხოვრებლების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯონ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირები, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი იოსებ გოგაშვილი, ასევე სუს-ის სხვა მაღალჩინოსნები.
მათი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებმა, ასევე პირადად იოსებ გოგაშვილმა, პასუხი უნდა აგონ ჩადენილი ქმედებებისთვის. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, სახელმწიფომ 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციის დროს ჩადენილი დანაშაული აღიაროს.
“როგორც სპეცრაზმელები იქცეოდნენ არაადამიანურად და მხეცურად, დღეს თქვენ, მთელი ხელისუფლება იმავეს იმეორებთ, ამას თქვენ არ გაპატიებთ, არც მე, ჩემი ერი და არც ქართველი ერი. თქვენ ხართ მხდალები, თქვენ კაცობა არ გყოფნით, გამოხვიდეთ და თქვენი დანაშაული აღიაროთ, ვითხოვ, სახელმწიფომ აღიაროს ეს დანაშაული. ეს პანკისის ხეობიდან იწყება და დღეიდან სულ სხვა ფორმებს მიიღებს. მოვითხოვ „ოცნების“ გუნდის თავმჯდომარისგან, დასაჯე ყველა ის მხეცი, ვინც პანკისის ხეობაში ტერორისტული აქტი ჩაატარა, ვინც მძინარე ბავშვი დახვრიტა, ვინც დამაყაჩაღა. თქვენ დღეს ისე იქცევით, როგორც იმ ღამეს სპეცრაზმელთა ხროვა იქცეოდა, როგორც ისინი იყვნენ პანიკაში, როგორც ისინი იქცეოდნენ არაადამიანურად და მხეცურად, დღეს თქვენ, მთელი ხელისუფლება იმავეს იმეორებთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემაც, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.
პარტიის ოფისთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მათ ოფისის შენობასთან უსაფრთხოების მიზნით გაკეთებული აქვთ ცოცხალი ჯაჭვი. საპროტესტო აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი