არჩევნებიახალი ამბები

მეორე ტურში მონაწილეობას ის მოქალაქეებიც შეძლებენ, რომლებიც სრულწლოვანი 28 ოქტომბრის მერე გახდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 18 წელი 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ.
ცესკოს პრეს-სპიკერის ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ევალება, გადასცეს საარჩევნო კომისიას მონაცემები იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც 18 წელი მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ. ანა მიქელაძის თქმით, ამ მონაცემებს ცესკო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ მიიღებს.
,,პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შევა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც მეორე ტურის გამართვის დღისთვის უსრულდებათ 18 წელი; გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე იმ პირების მონაცემების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან რეგისტრაციას ან შეცვლილი ექნებათ რეგისტრაციის მისამართი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურს ჩაატარებენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების იგივე წევრები. ანა მიქელაძის თქმით, შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობის მიხედვით, ამასთანავს, უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა დანიშნონ/შეცვალონ ან გამოიწვიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 37,74%-მა დაუჭირა მხარი.

ნატალია ცისკარაშვილი