ახალი ამბები

დავით გარეჯის საკონსერვაციო გეგმის შემუშავება იწყება

დავით გარეჯის საკონსერვაციო მეთოდოლოგიასა და მართვის სამოქმედო გეგმას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ევროპა ნოსტრას, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს. 
ნიკოლოზ ანთიძის უწყებაში აცხადებენ, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის საფუძვლიან შეფასებას და მისი გადარჩენის სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ევროპის დარგობრივ და ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად იწყებს.
,,ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასაჯანაღებლად საკონსერვაციო /მეთოდოლოგიისა და მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისა და მისი სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის გზების შესამუშავებლად უცხოელი სპეციალისტების ჯგუფი საქართველოს სტუმრობს.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებითა და ინიციატივით შევიდა ევროპა ნოსტრას პროგრამის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის 2018 წლის ნუსხაში, რაც ევროპული ქართული კულტურის უნიკალური ძეგლისთვის ევროპული ორგანიზაციების მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საერთაშორისო საექსპერტო რეკომენდაციებისა და საგრანტო ფინანსური რესურსის მოძიებას ითვალისწინებს’’,- აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.
დავით გარეჯი, როგორც გამორჩეული მნიშვნელობისა და კულტურული ღირებულების ძეგლი, ევროპული ორგანიზაციების მიერ მის წინაშე მდგარი დაზიანებების გარდაუვალი საფრთხის საფუძველზე შეირჩა.
სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. იგი ივრის ზეგანზე, ნახევარუდაბნოში მდებარეობს და ოცზე მეტი კლდეში ნაკვეთი მონასტრისა და რამოდენიმე ასეული სენაკისაგან შედგება.