ენმ – პედაგოგებზე წარმოუდგენელი ზეწოლა მიმდინარეობს
მმართველი პარტიის მხრიდან სკოლის პედაგოგებზე და ბაღის თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა, – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. თემურ ბუწაშვილმა ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერს მეორე ტურში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პარტიის მიერ დაგეგმილ სამომავლო აქტივობებზე ისაუბრა.
ბუწაშვილის თქმით, ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პედაგოგებს მათი ოჯახის წევრებთან ერთად სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ავალებენ.
,,მეორე ტურისთვის პედაგოგებზე წარმოუდგენელი ზეწოლა ხორციელდება.სკოლის და ბაღის პედაგოგებს იბარებენ და ღიად სთხოვენ, არჩევანი სალომეს სასარგებლოდ გააკეთონ. ზეწოლაა ასევე მათ ოჯახებზეც. პედაგოგებს ეუბნებიან, რომ მიიყვანონ ოჯახის წევრები არჩევნებზე, რომლებმაც ხმა მათ კანდიდატს უნდა მისცენ. არჩევნები რომ არ გაყალბდეს, სადამკვირვებლო მისიამ, საუბნო-სარჩევნო კომისიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშავოს აქტიურად. ასევე ფხიზლად უნდა იყონ ჟურნალისტებიც. მინდა მადლობა გადავუხადო ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერს და ჩვენს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის ‘’,- განუცხადა Knews.ge-ს თემურ ბუწაშვილმა.