ახალი ამბები

საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა

საერთაშორისო ორგანიზაცია “Freedom House”-მა ინტერნეტის თავისუფლების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
რეიტინგში ქვეყნები 100-ქულიანი სისტემით ფასდება. 100 ქულა ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინტერნეტი თავისუფალი საერთოდ არ არის, ხოლო 0 ქულა სრული თავისუფლების განმსაზღვრელია. ანგარიშის მიხედვით, საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნად დასახელდა და მას 25 ქულა აქვს მინიჭებული.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის კლება შეინიშნებოდა, რადგან გასული წლის ანგარიშში საქართველოს 24 ქულა ჰქონდა მინიჭებული.
2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით რეგიონში ლიდერია.
საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდში ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის მიხედვით 65 ქვეყანა შეისწავლა, რომლებშიც მსოფლიოს ინტერნეტმომხმარებელთა 87 პროცენტი ცხოვრობს.
„ინტერნეტში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ და პროპაგანდამ მოწამლეს საზოგადოებრივი სფერო. პერსონალური მონაცემების შეგროვებამ გაანადგურა კონფიდენციალობის ტრადიციული ცნება. მთელი ჯგუფი ქვეყნებისა ციფრული ავტორიზაციის გზას დაადგა, ჩინეთის ფართო ცენზურისა და ავტომატური სათვალთვალო სისტემების მოდელის გათვალისწინებით. ამ ტენდენციების შედეგად, გლობალური ინტერნეტის თავისუფლების დონე მერვე წელია, იკლებს“, -აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.
კვლევის ავტორების აზრით, მიმდინარე წლის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ინტერნეტის გამოყენება შესაძლებელია როგორც დემოკრატიების შესარყევად, ისე დიქტატურების დესტაბილიზაციისთვის.

მოამზადა: ნატალია ცისკარაშვილმა