საგარეჯოში მე-4 და 42-ე უბნებზე ორი საჩივარი დაიწერა
საგარეჯოს #13 ოლქში განთავსებულ მე-4 და იორმუღანლოს 42-ე უბანზე საჩივარი დაიწერა.
საოლქო კომისიის თავმჯდმარის, ზურაბ მღებრიშვილის თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, რომელიც დროულად მოგვარდა.
,,ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, აქტივობა 12 საათისთვის არის15%. საჩივრები დაიწერა მე-4 და 42-ე უბნებზე. ერთი შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს, მეორე კი ვერც გავარკვიეთ რას ეხებოდა იმდენად აბსურდული იყო. მე-4 უბანზე დაწერილი საჩივარი ეხებოდა იმას, რომ კომისიის თავმჯდომარემ პირადი ტელეფონის ნომერი სხვას მისცა, ამაზე დამკვირვებლებმა დაწერეს საჩივარი. მეორე კი რომელიც 42 უბანზე დაიწერა, ეხებოდა პროცედურულ დარღვევას, ნაკადის მარეგულირებელს გამორჩა მარკირების შემოწმების პროცედურა. სხვა დარღვევებზე ან დაწერილ საჩივრებზე ინფორმაცია არ მაქვს’’,- განუცხადა knews.ge-ს ზურაბ მღებრიშვილმა.
,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები კი საგარეჯოში შესაძლო ზეწოლასა და ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობის ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტები მე-8 და მე-7 საარჩევნო უბნებზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.
,,დამკვირვებელზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა #8 საარჩევნო უბანზე. „სამართლიანი არჩევნების“ დამკირვებელს უბანთან დახვდა პოლიცია, რომელმაც დამკვირვებელს გამოკითხა თუ რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა და ასევე, მისი პირადი მონაცემები. მას შემდეგ რაც გაარკვია, რომ დამკვირვებელი საგარეჯოს ოლქიდან არის უთხრა, რომ „საგარეჯოელი ყოფილხარ და ჩემი რჩევაა ძაან მკაცრი ნუ იქნებიო“. რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელიც ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობას ეხება, საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე, აღნიშნული პირები ამოწმებენ არჩევნებზე მოსულ პირთა ვინაობას და ეწევიან აგიტაციას, მათ შორის არიან თვითმმართველობის ორგანოებისა და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საგარეჯოში ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, რომ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს მოთხოვეს, რომ მოიყვანოს ხალხი არჩევნებზე, რაზეც ამომრჩეველმა უპასუხა, რომ უკვე მოიყვანა და კიდევ მიყავს ერთი ამომრჩეველი ხმის მისაცემად. აღნიშნული ძირითადად ხორციელდება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ’’,- განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ.