თელავში 54 საარჩევნო უბანი გაიხსნა
თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში უბნები ყველა პროცედურის დაცვით გაიხსნა.
თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა, ხოლო 8 საათიდან დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. გიორგი კალმახელიძის თქმით, პირველმა ამომრჩევლებმა უკვე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.
„თელავში სულ 54 სარჩევნო უბანია და ყველა მათგანი პროცედურის დაცვით გაიხსნა. ამ დროისთვის, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.
როგორც knews.ge-სთან საუბრისას საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები აცხადებენ, ამომრჩეველთა აქტივობა მცირეა. თელავის #6 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ვასილ ორკოდაშვილის თქმით, ისინი ამომრჩეველთა გააქტიურებას შუადღისთვის ელოდებიან.
,,უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ამ ეტაპზე რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ერთადერთი ახსნა-განმარტება დაიწერა უბანზე რეგისტრატორის მიერ, რადგან გამორჩა ამომრჩევლის ხელმოწერა”,- განუცხადა knews.ge-ს ვასილ ორკოდაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტში 56 379 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ავტორი: მაკა ხაზიური