საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 25 კანდიდატი იყრის კენჭს.
არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველმა ხმის მიცემა კი, 08:00 საათიდან დაიწყო, რაც 20:00 საათამდე გასტანს.კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი მარკირების შემოწმების პროცედურას გადის. თუ ამომრჩეველი მარკირებული არ იქნება, მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა. კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან მიდის, რომელსაც ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო მიეკუთვნება და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი – ასევე დევნილის მოწმობას (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად).
ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ყოფნის დადასტურების შემთხვევაში, მის მარკირებას ახორციელებს, რის შემდეგაც ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს მის უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს ამოწმებს სპეციალური ბეჭდით.
საარჩევნო ბიულეტენის დამოწმების შემდეგ, ამომრჩეველი ფარული კენჭისყრის კაბინაში შედის და ავსებს ბიულეტენს კანონით დადგენილი წესით.საარჩევნო ბიულეტენის შევსების შემდეგ, ამომრჩეველმა იგი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა.საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.კენჭისყრის შენობა 20:00 საათზე დაიკეტება.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში 309 საარჩევნო უბანია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 309-დან 64 მარტივად ადაპტირებულია, ხოლო 45 საარჩევნო უბანს აქვს პანდუსი.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი