თელავის თეატრის წინ მსახიობ თემურ ხუნაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
დღეს, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მსახიობ თემურ ხუნაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. მსახიობის თქმით, ვარსკვლავის გახსნა მისი ღვაწლის აღიარებაა, რომელიც მისთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა.
,,მნიშვნელოვანია ვარსკვლავის გახსნა იმიტომ, რომ მსახიობისთვის უმთავრესი არის ხალხის სიყვარული, დაფასება და მისი ღვაწლის. საქართველოში თითქმის ყველა თეატრის წინ იყო ვარსკვლავები გახსნილი და აქ არა, მაგრამ როგორც იქნა დაიძრა ყინული და დაიწყო მსახიობების ღვაწლის დაფასება, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელის, პაატა გულიაშვილის ინიციატივით და დიდი მონდომებით. ეს ქალაქს მატებს დამატებით სტატუსს და მსახიობებსაც პასუხისმგებლობას, რადგან თეატრის წინ უკვე გამოკვეთილია ღვაწლი და დამსახურება. ვფიქრობ, პასუხისმგებობა სულ არის მსახიობის ცხოვრებაში, მას თუ არ აქვს ნიჭი, შრომის უზარმაზარი უნარი და პასუხისმგებლობა პროფესიის მიმუმართ, მის გარეშე ვარსკვლავამდე ვერ მივა. ამის შემდეგ, როდესაც შემოვა მაყურებელი თეატრში და დაგიკრავს ტაშს და გაიგებს, რომ შენი ვარსკვლავია გახსნილი, უკვე სხვანაირად დაგიწყებს ყურებას და შენ არ გაქვს უფლება, რომ ერთი წუთით მოეშვა და მოდუნდე. მინდა, მადლობა გადავუხადო სპონსორებს და თელაველებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან’’,- განუცხადა Knews.ge-ს მსახიობმა.
თემურ ხუნაშვილის სამსახიობო კარიერა 1970 წელს დაიწყო. ის საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერია. მან 48 წლის მანძილზე თეატრში 150-ზე მეტი როლი შეასრულა. მსახიობი მონაწილეობდა ქართულ ფილმებში და ასევე სერიალში “27 დრაკონი”. თემურ ხუნაშვილი რამდენიმე სპექტაკლის რეჟისორიც არის.