არჩევნებიახალი ამბები

სამართლიანი არჩევნები – კახეთში მხარდამჭერთა სიების შეგროვების ფაქტები დაფიქსირდა

“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში სავარაუდო ზეწოლისა და იძულების, სააგიტაციო მასალის დაზიანებისა და მხარდამჭერთა სიების შეგროვების ფაქტები დაფიქსირდა.
ISFED-ის ცნობით, წინასაარჩევნო დარღვევების ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფორმაა ე.წ.“მხარდამჭერთა სიების“ შეგროვება.
„მხარდამჭერთა სიის შემგროვებელ პირს ევალება უზრუნველყოს, რომ სიაში ჩამოთვლილი პირები ხმას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცემენ. დამკვირვებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ასეთ სიებში მიეთითება ადგილობრივ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნათესავებისა და ახლობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი და საარჩევნო უბნის ნომერი. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა კახეთში. ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებელთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს. მათივე ინფორმაციით, სიებს იმ მოტივით ადგენენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. „მხარდამჭერთა სიების“ შეგროვების ფაქტები შემაშფოთებელია იმითაც, რომ შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებსაც. ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციასთან“ ერთად ამ ფაქტებით რეაგირებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა’’,- აღნიშნულია სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, კახეთის რეგიონში ასევე გამოვლინდა წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელშეშლის, ზეწოლის და საარჩევნო მასალის დაზიანების ფაქტებიც.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, მიხეილ კულატამიშვილი, ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი მოქალაქის მიმართ, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სურვილი არ დაადასტურა, დაიმუქრა, რომ მას სოციალური დახმარება მოეხსნება „თუ ბევრს იხტუნავებს“. წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტი დაფიქსირდა გურჯაანში: 4 ოქტომბერს, 16 საათზე, გურჯაანის კულტურის სახლში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. სალომე ზურაბიშვილს კულტურის სახლთან დახვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და უწოდებდნენ „მოღალატეს“. კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში: ლაგოდეხში, გურჯაანში, ყვარელსა და ახმეტაში ჩვენმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები’’,– ნათქვამია ანგარიშში.

ავტორი: მაკა ხაზიური