საია – კახეთში სავარაუდო ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს შუალედური შეფასება წარადგინა.
საიას ინფორმაციით, კახეთში სავარაუდო ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და პრეზიენტობის კანდიდატისთვის აგიტაციაში ხელშეშლის ფაქტები დაფიქსირდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძის თქმით, კამპანიას არ ჩაუვლია აგიტაციაში ხელშეშლის, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური განცხადებების გარეშე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
,,მონიტორინგის შედეგად წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლებისათვის სავარაუდოდ უკანონო დაპირების გაცემა და ე.წ. „საგარანტიო სერტიფიკატების“ გადაცემა. კახეთში დაქვემდებარებული პირების კამპანია/აგიტაციაში ჩართვისას გამოვლინდა სავარაუდო ზეწოლის ფაქტები. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების 3 ფაქტი, ჟურნალისტებისათვის საქმიანობის სავარაუდო ხელშეშლის 1 ფაქტი, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან სავარაუდო გათავისუფლება -1 ფაქტი, სავარაუდოდ უკანონო შემოწირულობის 7 ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 5 ფაქტი, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისთვის მხარდამჭერთა სიების მობილიზების დავალების, დაქვემდებარებული პირების აგიტაციაში ჩართვის; სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების და საინფორმაციო მომსახურების გამოყენების და უკანონო აგიტაციის სავარაუდო ფაქტები, მათ შორის: საჯარო მოხელეების მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაცია სამუშაო საათების განმავლობაში სოციალური ქსელის პირადი გვერდების მეშვეობით”, – განაცხადა სულხან სალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ანგარიშში ასევე შესულია კანდიდატებისათვის წინასაარჩევნო შეხვედრების ხელშეშლის ფაქტებიც.
“როგორც სხვა რეგიონში, ასევე კახეთში დაფიქსირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიერ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრების კონტრაგიტაცია და ხელშეშლა, რაც კამპანიურ ხასიათს ატარებდა, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატებისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და მათი შეურაცხყოფა სოციალური ქსელების საშუალებით. კახეთში გამოვლინდა ასევე სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტებიც”, – აღნიშნა სულხან სალაძემ.
ავტორი: მაკა ხაზიური