დღეს სოფელი უდაბნო საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უდაბნო დღეს საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიებები 14 საათიდან დაიწყება.
საგარეჯოს მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაა.
ფესტივალის მიზანია სოფლის კულტურული მრავალფეროვნების გაცნობა და უდაბნოს თემის განვითარების ხელშეწყობა.
“მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა შემოქმედებითი და კულტურული აქტივობა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ფოლკლორული კონცერტი, ღვინის და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია, ასევე მცირე საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი ღონისძიებები”, – განაცხადეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს, სომხეთის, დანიისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო სფეროს წარმომადგენლები. ფესტივალს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და რეგიონული განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებიც დაესწრებიან.
ფესტივალი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდების განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო კომპასის“ ორგანიზებით იმართება და ევროკავშირის პროგრამის ერასმუს+ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “თემის მშენებლობა, ახალგაზრდების ჩართულობით” დასკვნითი ღონისძიებაა.
ფესტივალი 21:00 საათამდე დასრულდება.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი