ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციასთან საგარეჯოდან გატაცებული 17 წლის გოგონას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან “ქალთა მოძრაობის” ორგანიზებით, 5 დღის წინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 17 წლის გოგონას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. 
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს აზერბაიჯანელი გოგონების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ.
“გატაცებული გოგონას ძებნაში ჩაერთოს ყველა სახელმწიფო ორგანო, რომელსაც შეუძლია სამძებრო საქმიანობის განხორციელება. შსს მინისტრმა პირად ზედამხედველობაზე აიღოს ეს საქმე. გამოქვეყნდეს და გავრცელდეს გატაცებულის და გამტაცებლის ფოტოები, რათა საზოგადოება ჩაერთოს გოგოს ძებნაში. დაისაჯოს არა მხოლოდ გამტაცებელი, არამედ ყველა, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა და ვინც არ შეატყობინა დანაშაულის შესახებ სახელმწიფოს. ხელისუფლებამ შეიმუშაოს ადრეული ქორწინებისა და გატაცების წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგია და ბოლო მოუღოს დისკრიმინაციულ დანაშაულს და პრაქტიკას საქართველოში. პოლიცია ვერასდროს პოულობს გამტაცებელს, რომელიც ხშირად მეზობელ სოფელშია დამალული ნათესავებთან. სახელმწიფო ელოდება, როდის მორიგდებიან ოჯახები ერთმანეთში, შემდეგ კი ან სრულიად წყდება გამოძიება ან ფორმდება 5000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება. ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგონები ისეთი დაუცველები არიან საქართველოში, რომ მათ სკოლებს არ ამთავრებინებენ, ხშირად მშობლებს თვითონ დაჰყავთ 15-17 წლის გოგონები სკოლაში, რადგან მათთვის მარტო გადაადგილება სახიფათოა. “, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგონა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 12 ოქტომბერს გაიტაცეს. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა გატაცებულის 14 წლის და. არსებული ინფორმაციით, თვითმხილველებმა, ასევე, ამოიცნეს ავტომანქანის მძღოლი. მე-11 კლასის მოსწავლის გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 12 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა მოქალაქე მ.გ.-ს შეტყობინება საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან მისი 17 წლის შვილის – ჰ.მ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რომელიც არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
“საქმეზე ამ დრომდე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული არიან მოწმეები, როგორც ჰ.მ.-ს, ასევე, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესავები. გამოიკითხნენ ის პირებიც, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონოდათ ინფორმაცია არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის შესახებ. არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, გამოძიების დაწყების დღიდან ამ წუთამდე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. პოლიციას აქტიური კომუნიკაცია აქვს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი