საგარეჯოში ვეტერანის დღე აღნიშნეს
საგარეჯოში ვეტერანის დღე აღნიშნეს. ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი და თვითმმართველობის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საგარეჯოს მერიის ინფორმაციით, მათ, ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ქალაქ საგარეჯოს გმირთა მემორიალი.
“მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს სახელოვან ვეტერანებს. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის საამაყო და მისაბაძია ვეტერანების მიერ სამშობლოს სამსახურში გამოჩენილი თავდადება და ერთგულება. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, მშვიდობის დაცვისა და უკეთესი მომავალისთვის ბრძოლის საფუძველი”, – განაცხადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. ამ თარიღის შემოღების ინიციატორი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურია. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რომელიც ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
ავტორი: ნათია დათუკიშვილი