პანკისში წითელი ნუსხით დაცული არჩვი მოკლეს
პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიდებარე ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა წითელი ნუსხით დაცული არჩვი მოკლეს.
ბრაკონიერები ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს. უწყების ცნობით, მათ აღმოაჩნდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 მამალი არჩვი.
“ფაქტის გამოვლენის შემდგომ მათ დაკავებული თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
არჩვი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოკვლის შემთხვევაში, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს.