ყვარლის სოფელ ჩანტლისყურეს მოსახლეობამ აქცია გამართა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურეს მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გასხვისებული 35 ჰექტარი საძოვრის დაბრუნებას ითხოვს.
მოსახლეობამ ამ მოთხოვნით დღეს აქცია გამართა.
მათი თქმით, ხელისუფლებამ საძოვრები მოსახლეობისგან მალულად გაყიდა, რის შესახებაც ახლა გაიგეს. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
,,არ ვიცოდით, როდის გაყიდეს ეს მიწები, ჩვენთვის არაფერი უკითხავთ. საძოვრები აღარ დაგვრჩა და არ ვიცით, სად გავიყვანოთ პირუტყვი საბალახოდ. ვითხოვთ დახმარებას, მოგვაქციოს მთავრობამ ყურადღება”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი შეხვდა.
მისი თქმით, გასარკვევია, რომელ წელს გასხვისდა აღნიშნული მიწის ფართობი და ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
აქციის მონაწილეებს ასევე შეხვდა ყვარლის მუნიციპლაიტეტის მერი. როსტომ სესიაშვილი მოსახლეობას პრობლემის გარკვევას დაჰპირდა.
,,ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდებით. მერიაში უკვე შეიქმნა სპეციალისტთა 5 კაციანი ჯგუფი, რომელიც აღნიშნული საძოვრების გასხვისების კანონიერებას შეისწავლის და შესაბამის რეაგირებას მოახდენს”,- აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი