სიღნაღში სახანძრო-სამაშველო დეპო აშენდება
2019 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სახანძრო-სამაშველო დეპო აშენდება.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართ სამსახურის პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, მშენებლობისთვის ადგილი უკვე შერჩეულია და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მიშა ფეიქრიშვილის თქმით, სიღნაღის სახანძრო-სამაშველო დეპო ქალაქის ერთიან იერსახეზე იქნება მორგებული.
,,მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო-სამაშველო დეპოები ყველა ქალაქშია წარმოდგენილი, დღეისათვის დამატებითი საჭიროებაც არსებობს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გარკვეული სოფლები რაიონული ცენტრიდან, სადაც სახანძრო ტექნიკაა განთავსებული, 20-25 კილომეტრითაც კი არის დაშორებული, რაც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს ახანგრძლივებს. ამ ეტაპზე მუშავდება სპეციალური გეგმა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორია იმგვარად უნდა დაიფაროს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საგანგებო სიტუაციისას სახანძრო მანქანის კონკრეტულ ლოკაციასთან მისვლის დრო“, –განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ახალი დეპოები ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება.
„დეპოში განთავსდება საზოგადოებრივი ცენტრები, სპორტული დარბაზები, საფეხბურთო მოედნები. ეს ჩადებულია სატენდერო პირობებში. დეპოები იქნება კომპიუტერიზებული და ყველგან იქნება ინტერნეტთან წვდომა. ახალი დეპოები მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვიწყებთ მოხალისეთა ეროვნული სიის შედგენას და ყველა ის ადამიანი, რომელიც მოხალისეთა ბაზაში იქნება რეგისტრირებული, შეძლებს სახანძრო-სამაშველო დეპოების ინფრასტრუქტურით სარგებლობას“, – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური