თელავის სასამართლომ ვარდისუბანში დაკავებულს 2 ათასი ლარი გირაო შეუფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ 41 წლის დავით ლეგაშვილს, რომელიც სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში, ვარდისუბნისა და ყარაჯალას მცხოვრებლებს შორის ჩხუბის საქმეზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდამდე დაკავებული საპატიმროში დარჩება.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 სექტემბერს, დილის საათებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნში, საქონლის ბაზრის ტერიტორიაზე დავით ლეგაშვილსა და გ. ს.-ს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„დავით ლეგაშვილმა ბლაგვი საგნის, ასევე ხელისა და ფეხის გამოყენებით ცემა გ. ს., რომლის დროსაც გ. ს. განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. აღნიშნული კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდნენ გ. ს.-ს ძმა – რ. ს. და ნათესავი ნ. ი. დავით ლეგაშვილმა მათაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა – ცემა ისინი მის ხელთ არსებული ბლაგვი საგანის, ასევე ხელისა და ფეხის გამოყენებით“, – განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
დავით ლეგაშვილი ბრალდებულის სახით იმავე დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონულ სამმართველომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სოფელ ვარდისუბნის მაცხოვრებლებმა და ლეგაშვილის ოჯახის წევრებმა იმავე საღამოს ახმეტა-თელავის ცენტრალური გზა გადაკეტა. ისინი დაკავებული დავით ლეგაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და ლეგაშვილს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის, 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რომელიც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ავტორი:ნიკოლოზ ესიტაშვილი